არსენ იყალთოელის (ვაჩესძის) დოგმატიკონის კრებულზე გვხვდება შემდეგი მინაწერი: “არსენისსა მისრული მღჳმეს იტყჳს დავით მეფე: მე მაშინდელი კაცი ვარ, ოდეს არსენი დაროჯიდი ჭამა; მარჯუენესა გუერდსა ზედა წვა, ნოსელსა იკითხვიდა და დოღმატიკონსა აწამებდა და ცჳლისა სოფიაწმიდასა იგივე მარტოჲ იქმოდა”. (იხ. კორნელი კეკელიძე (1980) ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. I, გვ. 280.
ცხადია, რომ "ჭამაში" გამორჩენილია მოქმედებითი გვარის ზმნების უწყვეტლის მაწარმოებელი სავრცობი "დ". ჭამის გარდა, არსენის მოქმედების აღმწერი ყველა ზმნა უწყვეტელშია: წვა (იწვა), იკითხვიდა (კითხულობდა), აწამებდა (ამოწმებდა, აზუსტებდა), იქმოდა (აკეთებდა). ქვემდებარეც (არსენი) სახელობით ბრუნვაშია.
სწორი იკითხვისი ასე წარმოგვიდგება: “ოდეს არსენი დაროჯიდი ჭამ[დ]ა, მარჯუენესა გუერდსა ზედა წვა, ნოსელსა იკითხვიდა და დოღმატიკონსა აწამებდა და ცჳლისა სოფიაწმიდასა იგივე მარტოჲ იქმოდა”. ეჭვგარეშეა, რომ "დაროჯიდი" ქვემდებარეს აღწერს.
დაროჯიდს ქართველური ეტიმოლოგია არ აქვს. მისი წყარო უნდა იყოს სპარსულ-არაბული კომპოზიტი دارواجد (Dārūwājid) "სამკურნალო საშუალების/წამლის მომგონი/შემქმნელი". دارو (dārū) - სპარს. სამკურნალო საშუალება, წამალი. واجد (wājid) - არაბ. > სპარს. "მომგონი, აღმომჩენი, მპოვნელი, მიმგნები". აღსანიშნავია, რომ სხვა ღირსებებთან ერთად, არსენ იყალთოელი ცნობილი იყო, როგორც განსწავლული ანატომი.