საუბარი შეეხება კორიდეთის საბუთებში მოხსენიებულ ერთ ჭანური [ლაზური] წარმოშობის ანთროპონიმს.
იმისათვის, რომ გასაგები შეიქნას, რომელ ძეგლზეა საუბარი, მომყავს ციტატა კორიდეთის საბუთების მეცნიერული გამოცემის წინასიტყვაობიდან [იხ. “კორიდეთის საბუთები” X-XIII სს.: თბილისი 1989 წ.]
“კორიდეთი სახელია სოფლისა, რომელიც მდინარე ჭოროხის მარცხენა შენაკადის - მურღულას ნაპირზე, ძანსულის თემში მდებარეობს.
კორიდეთის ღმრთისმშობლის ეკლესიაში მე-9 საუკუნიდან მე-14 საუკუნემდე ინახებოდა ბერძნული ოთხთავის ხელნაწერი ეტრატზე. მე-14 საუკუნიდან ეს ხელნაწერი ზემო სვანეთში, კალის თემის წმიდა კვირიკეს ეკლესიაში დასტურდება... ოთხთავის ხელნაწერის ფურცლების აშიებზე, ან ძირითადი (სახარების) ტექსტისგან თავისუფალ სხვა ადგილებში სხვადასხვა დროს მოუთავსებიათ, მიუწერიათ, სხვადასხვა შინაარსისა და დანიშნულების ტექსტები ქართულ და ბერძნულ ენებზე. როგორც ერთ, ისე მეორე ენაზე შესრულებული მინაწერების უმეტესი და უმნიშვნელოვანესი ნაწილი ისტორიულ საბუთებს, იურიდიულ აქტებს წარმოადგენს.”
ამ საბუთებში მე-11 მე-12 საუკუნეებში რამდენიმე ადგილას დასტურდება ანთროპონიმი თიხჩე. ეს სახელი წმინდად ჭანური წარმოშობისა ჩანს: თი+ხჩე:
- თი [ჭან.] - თავი
- ხჩე [ჭან.] - თეთრი [შდრ. ძველქართული მჴცე: თეთრი თმა]
- თიხჩე-ს სემანტიკა: თავთეთრი.
მინაწერი კორიდეთის სახარებაზე, დაწერილი მურვანისა და აბათასი კორიდეთის ღმრთისმშობლისადმი: მე-11 მე-12 ს.ს.
“ჩუენ, მურვანს და აბათასა მოგჳჴსენებია წმიდისა ღმრთისმშობელისა კორიდეთისადა თიხჩიეური პარტახტი. ღმერთმან გაუმარჯუენ, და არავინ უქციოს.
ესე ჩუენგან მტკიცე არს, თუ ღმერთსა უნდეს”
ამ ცნობიდან ირკვევა, რომ მურვანსა და აბათას ღმრთისმშობლის ტაძრისადმი შეუწირავთ მიწა, რომელიც ადრე ვინმე თიხჩეს ეკუთვნოდა და იმხანად გაპარტახებული [პარტახტი: გაუკაცრიელებული, გაოხრებული ადგილი] ყოფილა.
თიხჩეს ყოფილი მამული სხვაგანაც იხსენიება, მხოლოდ ფორმით "თიხჩეთი".
მინაწერი კორიდეთის სახარებაზე, დაწერილი მურვანისა კორიდელთადმი: მე-12 საუკუნის დასასრული
“სახელითა ღმრთისაითა. დაგიწერე ესე დაწერილი მე, მურვან თქუენ, სრულად კორიდელთა.
თიხჩეთი დედისა ღმრთისადა შეეწირა მურვანსა და აბათასა. და თქუენ ნაპარევად ვითა მექნებოდა?..
და თიხჩეთი მოგეც მამულობით. ვითა მამული თქუენი ეგრევე იგი მამულობით გქონდეს. თქუენსა ერდგულებასა შიგან ვინცა შეგეცილოს კრულია პირითა ღმრთისაითა...
თიხჩეთს ექუსისა კაბიწისა ნიგოზისაი შეეწირა და განაღა ჰაგრევე იყო...”
ეს ცნობა იმეორებს წინა ცნობაში დაფიქსირებულ ფაქტს მურმანისა და აბათას მიერ კორიდეთის ღმრთისმშობლისადმი თიხჩეს ნამამულარის შეწირვის თაობაზე. აგრეთვე იუწყება, რომ იგივე მამული [თიხჩეთი] ხელმეორედ მამულობით მისცა ტაძარს მურმანმა [ეს სხვა მურმანია, შესაძლოა თავდაპირველი შემწირველი მურმანის მონაგარი]
მინაწერი კორიდეთის სახარებაზე, დაწერილი თიხჩესი იოვანესა და გიორგისადმი: მე-12 საუკუნე
“სახელითა ღმრთისაითა. ესე დაწერილი მე, თიხჩე დაგიწერე შენ იოვანე და გიორგის - ირემეთისა ჩემისა კერძისა ნახევარი, ღმერთმან გიბედნიერენ თქუენ და თქუენთა მომავალთა.
დაიწერა გამგებლობასა იოვანე ფაჩუჱთისასა, ტანუტრობასა კორიდელისასა...”
მოყვანილ ამონარიდში თიხჩე გვევლინება წარწერის ავტორად. მისი სახელიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ იგი ჭანი ყოფილიყო.
ცნობა იმითაც არის საინტერესო, რომ აქ იხსენიება -ეთ ბოლოსართიანი გვარი ფაჩუეთი. ასეთი წარმოების გვარები უხვად დასტურდება მიჭიხიანის (ტბეთის) სულთა მატიანეში (იხ. დავლაეთი/დავლასძე, დოლიეთი/დოლისძე, ვაშანეთი/ვაშანისძე და მისთ.). მსგავსი გვართწარმოება დღემდეა შემორჩენილი შავშებში, მხოლოდ თ-ს წინ ნ განვითარებულა. იხ. მჭედლიენთი, ზუბიენთი, თეთრიენთი და ა.შ.
----------
*ეს შენიშვნა ადრე გამოვაქვეყნე თბილისის ფორუმზე მეტსახელით ჭკონი (ჭყონი). აქ გადმომაქვს მცირედი სახეცვლილებით.
https://forum.ge/?showtopic=33588522&view=findpost&p=106941
